სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა

სკოლის დირექტორები

1944 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობდა აკიმოვა ანა ტოლობაის ასული (სამწუხაროდ მისი ფოტო ვერ მოიძებნა)
1955-1960 წწ. სკოლას ხელმძღვანელობდა ბატონი თეიმურაზ კოკოჩაშვილი, ბავშვებზე მზრუნველი, დიდი ინტელექტისა და კულტურის ადამიანი. იგი მთელი კოლექტივის გულს სწვდებოდა და მისივე უნებურად სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. სკოლაში ხელს უწყობდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გაღრმავებას. 
თეიმურაზ კოკოჩაშვილი
                                                           

 1960-1977 წლებში სკოლას სათავეში ჩაუდგა პეტრე ბენიაშვილი, რომლის კაცთმოყვარეობაზე, კოლეგიალობასა და პედაგოგიურ უნარზე დღესაც ლაპარაკობენ. განათლებისა და ქალაქის ხელმძღვანელ ორგანიზაციებში არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც უდიდესი სიყვარული და პატივისცემა არ გამოეხატა ბატონი პეტრეს მიმართ. გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით და ადამიანებთან უშუალო დამოკიდებულების დიდოსტატობით. ქალაქსა თუ რესპუბლიკაში არ ჩატარებულა არც ერთი ღონისძიება, მე-14 სკოლის მოსწავლეები რომ არ ჩაერთო ბატონ პეტრეს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები მუშაობდნენ და მოსწავლეები სწავლობდნენ, ბატონი პეტრე ყელა მათგანის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა, მისი მამობრივი მზრუნველობა ბევრ ადამიანს გაჰყვა ცხოვრების საგზლად.

პეტრე ბენიაშვილი

             
1977-1978 წლებში სკოლის დირექტორი გახლდათ ვიაჩესლავ სლეპჩენკო, გამორჩეული ელეგანტურობით, პედაგოგიური პრაქტიკით და თანამშრომლებთან ჰუმანური დამოკიდებულებით. უზომოდ შეყვარებული ქუთაისზე, რომელიც დადიანების სიძეობითაც იწონებდა თავს.


ვიაჩესლავ სლეპჩენკო


1979-1987 წწ. სკოლას ხელმძღვანელობდა კდემამოსილებისა და სიკეთის განსახიერება, ქალბატონი ელენე შალამბერიძე. გამორჩეული საგნის ღრმა ცოდნით, უბადლო მათემატიკოსი, მკაცრი დისციპლინის მიმდევარი, წესრიგის მოყვარული. თითოეული მოსწავლის პირადი საქმე თუ ოჯახური მდგომარეობა ზედმიწევნით იცოდა, არავინ რჩებოდა უყურადღებოდ. თუ მოწაფეები მას სწავლის პერიოდში უმკაცრეს დირექტორად მიიჩნევდნენ, სკოლისგარეშე ღონისძიებების დროს იგი კეთილი ფერია იყო და ბავშვები მის სიახლოვეს ნეტარებას განიცდიდნენ. ბავშვებისთვის არაფერს ინანებდა და დილიდან საღამომდე სკოლაში ყოფნით უქმნიდა როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს მშვიდ და საქმიან ატმოსფეროს. ქალბატონმა ელიკომ თავისი პირადი ცხოვრება მართლაც უშურველად დაუთმო სკოლას, კოლექტივს, ბავშვებს.

ელენე შალამბერიძე


 1986-1994 წლებში, ამ ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში, სკოლას ქალბატონი მერი ზეინკლიშვილი ჩაუდგა სათავეში. თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე სკოლის სტანდარტებზე, ნოვატორულ იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი და მოაზროვნე თაობის აღზრდას, ეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო მე-14 საშუალო სკოლაში, ეროვნული მოძრაობის ხანაში ქალბატონმა მერიმ, როგორც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანმა. თავისი საქმის ერთგულება და სიყვარული, ქართველებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლა იმით გამოხატა, რომ მრავალი კეთილი საქმის ნოვატორი და ფუძემდებელი გახდა. რუსულენოვან სკოლაში კვლავ აღადგინა ქართული ჯგუფები. რესპუბლიკაში ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა უცხო ენების სწავლება დაწყებითი სკოლიდან და ბავშვები პირველი კლასიდანვე მშობლიურ ენასთან ერთად ეუფლებოდნენ ინგლისურ და რუსულ ენებს. სკოლამ უცხო ენების შესწავლის გაძლიერებული კურსი აიღო. პედაგოგებს 3 ცვლაში უხდებოდათ მუშაობა. ქალბატონი მერი ღირსეულად ჭრიდა სკოლის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა პრობლემას. თითოეული მისწავლე და მასწავლებელი გრძნობდა, რომ მერის გვერდით არ არსებობდა გადაულახავი დაბრკოლება. ერთხმად აღიარებენ, რომ იგი არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ კოლეგებისათვის თავად იყო სამაგალითო. .ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ქალბატონ მერი ზეინკლიშვილთან მუშაობისა, მას არასოდეს დაავიწყდება, რას ნიშნავს ნდობა, ერთგულება და სიყვარული საკუთარი საქმის, ირგვლივ მყოფი ადამიანების, მათი დახმარებისა და სიკეთის ერთად კეთების სურვილი. მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ნატრობენ მის თანადგომას, ენატრებათ მისი მომხიბლავი და გულში ჩამწვდომი ჰანგები „ტურფავ, ტურფავ“ და ხალასი იუმორი. მერი ზეინკლიშვილი დღესაც აქტიურად იღვწის, ჩვეული შემართებითა და ენერგიით, ოღონდ ამჯერად ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში.

მერი ზეინკლიშვილი

1994-2007 წლებში ქალბატონ მ.ზეინკლიშვილის დაწყებული საქმიანობა წარმატებით გააგრძელა თეიმურაზ რუხაძემ. მოგეხსენებათ, მე-14 სკოლა, ეგრეთ წოდებული, უბნის სკოლაა, ბატონი თემურიც ამ უბნის მკვიდრია და თავადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულია. როდესაც სკოლის დირექტორად დაინიშნა, ერთნაირად უხაროდათ პედაგოგებს, უბნის მაცხოვრებლებს, მოსწავლეებს. მას სკოლაში დახვდნენ მასწავლებლები, რომლებსაც იგი სკოლის მერხიდან ახსოვდათ, ზოგს ანსამბლიდან, როგორც მევიოლინე, ზოგს გაკვეთილებიდან, როგორც გონიერი, პროგრესულად მოაზროვნე და ბეჯითი მოსწავლე. მისი დირექტორობის პერიოდში კიდევ უფრო მოიმატა მოსწავლეთა რაოდენობამ სკოლაში და როდესაც ქალაქის სკოლებს მოაშორეს მე-3 საფეხური ქალაქის თავის  ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ბატონ თემურს არ გასჭირვებია გამოსავლის პოვნა და გაზარდა მოსწავლეთა მიღება დაწყებით კლასებში. ამ რეფორმის შედეგად 32-ე სკოლის   დაწყებითი კლასები მთლიანად შეიერთა მე-14 საჯარო სკოლამ და, ასე რომ, მოსწავლეთა რაოდენობას თითქმის არც განუცდია ცვლილება.

თეიმურაზ რუხაძე

 2007-2011 წლებში სკოლის ხელმძღვანელი იყო მალხაზ ბუხაიძე. იგი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად, ეგრეთ წოდებული ლოტოტრონით, სამეურვეო საბჭოს არჩევნებით მოვიდა მე-14 სკოლის დირექტორად.

მალხაზ ბუხაიძე მარჯვნიდან პირველი


2011 წელს სკოლაში დაინიშნა და დღემდე მოღვაწეობს ახალი დირექტორი ნონა ჩუბინიძე. მისი მუშაობით სკოლაში სიცოცხლის ახალი ერა დაიწყო. საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჭკვიანი მმართველი, უამრავი პროექტის ავტორი, რომელსაც არ უყვარს მოსვენებით ცხოვრება და არც კოლექტივს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას, რადგან სწამს, რომ „სიბრძნე მოქმედებაშია“. მან შეძლო და მთელი კოლექტივი აიყოლია იმ სასიკეთო საქმეში, რასაც განათლებული მომავლის აღზრდა ჰქვია.
დღეს ქალბატონმა ნონამ აღადგინა თითქმის ყველა მივიწყებული ტრადიცია. მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბევრი პროექტის ავტორები არიან, ყოველ წელს ჯილდოვდებიან მედალოსნები, ასევე წარჩინებული მოსწავლეები. სკოლა მისი დირექტორობის პერიოდში გახდა ბევრად საინტერესო. დაიბრუნა ძველი ავტორიტეტი. სკოლის მასწავლებლების უმეტესობა გახდნენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელნი. სკოლა უკვე თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში. ასევე ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სახელი წარმატებით ჟღერდება საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებზეც.

ნონა ჩუბინიძე

1 комментарий:

  1. რომ არა ამ ხალხის უდიდესი წვლილი, აქამდე ვერ მოვიდოდა ჩემი მშობლიური სკოლა. ვამაყობ ყველა ამ ხალხით.

    ОтветитьУдалить